კურორტი ურეკი

კურორტი ურეკი

ურეკი — დაბა და საზღვაო კურორტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მ.  ურეკის საოცარი თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის სანაპიროს, ანალოგი არ გააჩნია მსოფლიოში.  მისი  მთელი სანაპირო  წვრილმარცვლოვანი სილაა, რომელიც შეიცავს რკინის მაგნეტიტურ ნაწილაკებს.  სამკურნალო ფაქტორებს არა მხოლოდ სილიანი პლიაჟი, არამედ  ზღვის ჰავაც წარმოშობს. ურეკში ზღვის სიღრმე გრძელ მანძილზე მცირეა, ამიტომ  განსაკუთრებით ხელსაყრელია ბავშვებისთვის.  ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც უნიკალურ ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორად არის აღიარებული.  მზის სხივებით გამთბარი მაგნეტიტური ქვიშის აბაზანებს აქვთ სამკურნალო ეფექტი ნერვული, ძვალ-სახსროვანი, სუნთქვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობისას.

სპეციალისტების მტკიცებით, ურეკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – სუბტროპიკული კლიმატი, ზღვა, მზე და მაგნიტური ქვიშა, შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ, როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა კონტინგენტისათვის:

  • გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები,
  • საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაავადებები,
  • ნერვული სისტემის დაავადებები,
  • ბავშვთა კონტინგენტის დაავადებები,
  • ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევი ქრონიკული უროგენიტალური დაავადებები.