ურეკში დასვენებისას და მკურნალობისას ადამიანის ორგანიზმზე კომპლექსურად მოქმედებს რამდენიმე ბუნებრივი და ფიზიკური ფაქტორი – ზღვის კლიმატი, თბილი ქვიშის აბაზანა და მცირე ინტენსივობის მაგნიტური ველი, ყოველივე ეს ქმნის საუკეთესო პირობებს გაჯანსაღებასა და დასვენებისათვის.

"კოლხიდა"-ში მკურნალობა ყველა ავადმყოფს ინდივიდუალურად უტარდება გამოცდილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამკურნალო ფაქტორების გამოყენებას, განსაკუთრებით დადებითი შედეგები აქვს ბავშვთა დაავადებების მკურნალობის დროს. დადებითი ძვრები განპირობებულია არამარტო ქვიშის ზემოქმედებით, არამედ ურეკის ყველა კურორტული ფაქტორის ზემოქმედებით, მათ შორის "თალასოთერაპიის" გავლენითაც. ამასთანავე, ბუნებრივია არ შეიძლება გამოირიცხოს ემოციური და ფსიქოთერაპიული ფაქტორი - გარემოს შეცვლა, დასვენება, ლანდშაფტის სილამაზე და სხვა. ერთი კურსის ოპტიმალური ვადაა 24 დღე და იგი მოიცავს:

I. აკლიმატიზაციის პერიოდს:

გრძელდება საშუალოდ 2-5 დღე, რომლის მიზანია ავადმყოფი ორგანიზმის შეგუება გარემო პირობებთან. აკლიმატიზაციის დღეთა რაოდენობა განისაზღვრება ორგანიზმის ინდივიდუალური თვისებებით, დაავადებების ხასიათით და ურეკიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დაშორებით.

II. ჰაერის აბაზანებს:

დოზირება დამოკიდებულია დაავადების ხარისხსა და ხასიათზე. აბაზანები ინიშნება ჰაერის სხვადასხვა ტემპერატურის დროს, რადგანაც, რაც უფრო დაბალია გარემოს ტემპერატურა და მეტია ქარის სიჩქარე, მით მეტია ჰაერის აბაზანის გამაღიზიანებელი მოქმედება. ჰაერის აბაზანების ძირითადი მიზანია სხეულის გაკაჟება, ორგანიზმის დამცველობითი ძალების გაძლიერება მეტეოფაქტორთა ზემოქმედების მიმართ. აბაზანის დოზირება ხდება წუთებში (10 წუთიდან 1-2 საათამდე). ჰაერის აბაზანა ითვლება მზის აბაზანაზე გადასასვლელ მოსამზადებელ პროცედურად.

III. მზის აბაზანას:

ეს ძლიერმოქმედი სითბური პროცედურაა. იგი იწვევს თერმოლეგურაციის მექანიზმების დაძაბვასა და სითბოს რეგულაციაში მონაწილე ყველა ორგანოს და სისტემის ფუნქციის შეცვლას. პროცედურის სწორი დოზირებისას ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენით ვითარდება დადებითი ძვრები. დოზირებული მზის აბაზანები ზაფხულობით ტარდება დილის საათებში, გაზაფხულზე და შემოდგომაზე კი შუადღისას.

IV. მაგნიტური ქვიშის აბაზანას:

მიღების მეთოდიკა ურეკში, შემდეგნაირად მიმდინარეობს: პლაჟის რომელიმე უბანს შემოავლებენ ღობეს, რათა დაცული იქნას ქარისაგან და ქვიშაც უკეთესად გათბეს, რომელსაც ცრიან საცერით დილით 6-7 საათზე და მონაკვეთს ყოფენ პატარა უბნებად თითოეული პაციენტისთვის. ყოველი ნაკვეთის ირგვლივ კეთდება 30 სმ სიმაღლის ქვიშის ბორცვები. დღის 11-12 საათისთვის, როდესაც ქვიშა გათბება 50-55°-მდე, ავადმყოფი წვება გამზადებულ უბანზე, ზედ დააყრიან ცხელ ქვიშას, თავისუფალს ტოვებენ თავს, კისერს და გულის არეს, ხოლო მზის სხივებისგან თავის დასაფარავად ამაგრებენ საჩრდილობელს. პროცედურის ხანგრძლივობა მოზრდილთათვის 10-დან 30-40 წუთია, ბავშვებისთვის 5-15 წუთი. პროცედურის შემდეგ ავადმყოფს გაწმენდენ ქვიშასაგან, შემოახვევენ ზეწარს და 15-20 წუთის მანძილზე საშულებას აძლევენ დაისვენოს ჩრდილში. შემდეგ ავადმყოფს გადაავლებენ მზეზე გამთბარ წყალს და კარგად შეამშრალებენ, ამის შემდეგ ასვენებენ შენობაში 1,5-2 საათის განმავლობაში. მკურნალოიბის კურსია 10-15 აბაზანა. პროცედურას ავადმყოფი ღებულობს ყოველდღე ან დღეგამოშვებით.

V. ზღვის აბაზანების:

მიღების დროს ორგანიზის რეაქცია ძირითადად ორი ფაზისაგან შედგება. პირველი ფაზა – პირველადი გაციების ფაზა, რომელიც დაკავშირებულია სხეულის უეცარ გაციებასთან და ნერვულ-რეფლექსური ხასიათისაა. ის გამოვლინდება ზედაპირულ სისხლძარღვთა სპაზმის და შინაგანი ორგანოების სისხლძარღვების გაფართოებით, რის შედეგადაც სისხლი პერიფერიიდან შინაგანი ორგანოებისაკენ გადაინაცვლებს. აღინიშნება რეფლექსური ვაგუსის აღგზნება, მისი ფუნქციის გაძლიერება, რაც გულის მუშაობის რიტმის შენელებას, სუნთქვის გაღრმავებას და გაიშვიათებას, სისხლის არტერიული წნევის მომატებას იწვევს. მეორე ფაზა ვლინდება სითბოს შეგრძნებითი, რაც გამოწვეულია კანში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებით. ამ დროს მკვეთრად იწევს სითბოს რეგულაციის დონე. სუნთქვა ხშირდება და ღრმავდება, 2-3 ჯერ მატულობს ჟანგბადის მოხმარება, ჟანგვააღდგენითი პროცესი ძლიერდება, ფილტვების ვენტილაცია მატულობს და გულის მუშაობა ძლიერდება. ზღვის აბაზანები უხდება შემდეგ დავადებებს: ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებები, სიმსუქნე, გულსისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადება კომპენსირებული ფორმით, ლიმფადენტი, რაქიტი, სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი პროცესი. ზღვაში ბანაობა ენიშნებათ მხოლოდ ყველა ზემოჩამოთვლილი პროცედურის შემდეგ შესაბამისი კლიმატური რეჟიმის გათვალსწინებით (1 წუთიდან 10-20 წუთამდე).